20 | 05 | 2012

„ოკუპაციის კვირეული“ ლანჩხუთში

 

საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგამომცემლო სახლი „პრაიმტაიმის“ მხარდაჭერით საქართველოში რუსეთთან ომში დაღუპული გმირების მოსაგონებლად 20 თებერვლიდან  „წითელი ყაყაჩოების“ აქცია დაიწყო, რომელიც მთელი კვირის მანძილზე გასტანს.

ოკუპაციის კვირეულისფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს მიაგებენ ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. აქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიც შეუერთდა. ყველა სკოლაში გაიმართება ფილმის, „რუსული ფაშიზმის“ ჩვენება. მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები ოკუპაციასთან დაკავშირებით, რომლებიც გაიგზავნა განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გამარჯვებული 25 თებერვალს გამოვლინდება.

ამას გარდა, „ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები: სამხატვრო სკოლაში მოეწყობა კონკურსი ოკუპაციის თემაზე; ცენტრალურ  ბიბლიოთეკაში გაიმართება ლექცია _ „25 თებერვალი – საქართველოს გასაბჭოების დღე“. სახვით ხელოვნებაში გამარჯვებული მოსწავლეები კვირეულის დასასრულს სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

წითელ ყაყაჩოს ორგვარი დატვირთვა აქვს, ის ერთდროულად მშვიდობის  და ხსოვნის სიმბოლოა -  ჩვენ აღარ გვინდა ომი და მუდამ უნდა გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს.