- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ორშაბათი, 20 თებერვალი 2012 19:25
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ქუთაისის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის 2012 წლის 14 თებერვლის №15 ლაბორატორიული შედეგით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის ფერმების ტერიტორიაზე დადგინდა ჯილეხი.
საქართველოს კანონის ,,ვეტერინარიის შესახებ’’ შესახებ’’ მე-16 მუხლების შესაბამისად ჯილეხის დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაწესდა შეზღუდვა. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში ატარებს იძულებით ვეტერინარულ-სანიტარულ ღონისძიებებს, სამსახურის მიერ დაავადების კერაში უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდება ჯილეხის ყველა ამთვისებელ ცხოველს.
არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება: ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა მის საზღვრებს გარეთ, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის დამზადება და გამოტანა, ავადმყოფი ცხოველების რძის გამოყენება, ცხოველის სახორცედ დაკვლა, ლეშის გაკვეთა და მკვდარი ცხოველის გატყავება, ქირურგიული ოპერაციების ჩატარება გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ცხოველის დარწყულება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან, ცხოველებით და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობის, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანისა და ცხოველების თავშეყრასთან, კეთილსაიმედო სათეს მონაკვეთზე, საძოვარზე, სათიბსავარგულზე დამზადებული მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებსაც შეხება არ ჰქონდათ ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან და არ არიან გაჭუჭყიანებული მისი გამონადენებით, მისი გატანა, გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ, მარცვალი, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ ადგილებში, რომელთანაც უშუალო შეხებაში იმყოფებიან ჯილეხით ავადმყოფი ან მკვდარი ცხოველი, დაკარანტირებულ პუნქტიდან, მეურნეობიდან, ფირმიდან, ფერმიდან გატანას არ ექვემდებარებიან და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის საწინააღმდეგო აცრილი ცხოველის საკვებად. ჯილეხის ლიკვიდაციის სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები ტარდება ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის ინსტრუქციის შესაბამისად. ჯილეხი (ციმბირული წყლული) ყველა შინაური და გარეული ცხოველის, ზოონოზური (ადამიანისა და ცხოველისათვის საერთო) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დავადებაა. დაავადების აღმძვრელი არის სპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმი, რომელსაც უნარი აქვს და შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ცხოველმყოფელობა ასეული წლების განმავლობაში. დაავადების გავრცელების წყაროა დაავადებული ცხოველი, დაცემული ცხოველის ტყავი, ბეწვი, ლეში, ძვლები. ძირითადად დაავადება ვრცელდება ალიმენტარული (საკვები, წყალი), აეროგენული, სასუნთქი და ტრანსმისიური გზებით.
ცხოველებში დაავადება ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით. არსებობს დაავადების მიმდინარეობის ელვისებური, მწვავე და ქვემწვავე ფორმა. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება დეპრესია, მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, ლორწოვანი გარსების ციანოზი, ქოშინი, წყურვილი, კუჭის აშლილობა, ცხვირისა და პირის ღრუდან სისხლიანი ქაფისებური გამონადენი, ტიმპანია. კარბუნკულური ფორმის დროს ცხელი, მკრივი, მტკივნეული შეშუპებები, რომელიც რამდენიმე საათში ხდება უმტკივნეულო. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად გამოხატულია გაშეშება, დამახასიათებელია მუქი შეუდებებელი სისხლდენა ცხვირის ღრუდან და სწორი ნაწლავიდან. ცხოველებში ყველა შემთხვევაში დაავადება სრულდება სიკვდილით.
ადამიანებში გვხვდება გენერალიზებული (ფილტვისა, ნაწლავის) და კანის ფორმა. გენერალიზირებული ფორმა იწვევს რამდენიმე საათში ადამიანის სიკვდილს. ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი, ხორცპროდუქტები და სხვა ცხოველური საკვები ბაზრის გარეთ, გარევაჭრობებზე. მათ საკუთრებაში მყოფი ცხოველის ნებისმიერი დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინებისთანავე მიმართონ კერძო ვეტერინარ ექიმს ან დაუკავშირდნენ სააგენტოს სპეციალისტებს. ტელ: 595 22 11 70; 591 91 48 50; 591 91 48 47.