20 | 05 | 2012

ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 940 ათასი ლარი, სოფლის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად – 833 ათასი ლარი გამოიყო

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველი 19 საკითხი საკრებულოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ გააცნო.

2012 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დამსწრეთ საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ  გააცნო. მისივე ინფორმაციით, სკოლამდელი საგანმანათლებლო ჯგუფების ყველა თანამშრომელი დაზღვეული იქნება სადაზღვევო კომპანია „ალფაში“. საამისოდ კი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა. ამას გარდა, სოფლების  სააღმზრდელო ჯგუფებში გადასახადი კვლავ ათი ლარი დარჩება.

 

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძის თქმით, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: იქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელიც იმუშავებს სოფლის მეურნეობის დარგების აღორძინებისთვის;  დაზღვევაში ჩაებმება სააღმზრდელო ჯგუფების ყველა თანამშრომელი, რაც მართლა წინ გადადგმული ნაბიჯია; ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებისთვის ხელფასის მატებაც კარგი ტენდენციაა. ამ ადამიანებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და მაღალი ანაზღაურება აუცილებელია იმისთვის, რომ სამსახურებრივი მოვალეობა პირნათლად შეასრულონ.

საკრებულოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ის, რომ ბიუჯეტს უკვე დაემატა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 940 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სოფლის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად – 833 ათასი ლარი, რაც 20%–ით მეტია შარშანდელთან შედარებით.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამის თანხა სუბსიდიის სახით ჩაერიცხება სკოლას პირად ანგარიშზე, ამის შემდეგ სასწავლო დაწესებულება თავად გააფორმებს ხელშეკრულებას სატრანსპორტო საშუალების მფლობელთან.

სხდომაზე დამტკიცდა ასევე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუნეწერის  ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, რომლის თანახმადაც ჯუნეწერში ქუჩებს მიენიჭებათ: დავით ბოლქვაძის, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის, ჯაბელისა და სერგო ბარამიძის სახელები.

განისაზღვრა ასევე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასები: ქალაქ ლანჩხუთის მიწის ნორმატიული ფასი – 9,12 ლ; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი – 3,19 ლარს; დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი – 2,28 ლ.;

სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყალამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არიალებში მიწის ნორმატიული ფასი – 9,12 ლ.; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 4,56 ლარს.

საკრებულოს 2012 წლის პირველი  კვარტლის სამუშაო გეგმა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავამ წარმოადგინა. მისი თქმით, საკრებულოს სამუშაო გეგმა მორგებულია ორგანულ კანონს და მასში დეტალურადაა განსაზღვრული თუ რა უნდა გააკეთოს საკრებულომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.