- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 18 იანვარი 2012 18:13
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობას განვითარებას, რაც უწინარესად გულისხმობს ჩაის მეურნეობის რეაბილიტაციას.
2011 წლის ნოემბერში ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის, ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. უცხოელი ექსპერტები დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგების, კერძოდ, ჩაის განვითარებით.
ამ მიზნით „აგრობიზნესცენტრი-ლანჩხუთმა“ ჩაატარა საორგანიზაციო მოკვლევითი სამუშაოები ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და ახალი სამუშაოს ადგილების შექმნისათვის, გამოიკვეთა, რომ ჩაის წარმოებაში განხორციელებული შედარებით მცირე ინვესტიციით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მიღწევა. ვინაიდან ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების აღდგენა-გამართვა, მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებებს, ამიტომ უმჯობესია დამზადდეს ინდივიდუალური ჩაის გადამამუშავებელი მცირეგაბარიტიანი საოჯახო მოხმარების კომპლექტები, რომელიც მეჩაიეს ჩაის პლანტაციიდან ყოველდღიურად მოკრეფილი მაღალხარისხიანი ჩაის ფოთლის გადამუშავების საშუალებას მისცემს. შემუშავდა ჩაის წარმოების ინდივიდუალური სექტორის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდება მეჩაიეთა ამხანაგობები, რომელიც მოიცავს რაიონის ტერიტორიაზე მოსახლეობის საკუთრებაში არსებული 800 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციის რეკულტივაციას. შემუშავდა პროექტი „გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირება სასოფლო კომლებში ჩაის გადამუშავებისა და მარკეტინგის ეფექტიანი სისტემის შექმნით“, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ წარდგენილი იყო ნორვეგიის საგარეო სამინისტროში, რომელმაც თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციას გრანტის სახით გამოუყო 50 565 ლარი.
შედეგად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასა და აგრობიზნესცენტრ „ლანჩხუთს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. პროექტის თანახმად, რეგიონის ორ სოფელში, ჩიბათსა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ძიმითში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, რომელიც თანამედროვე დანადგარებით იქნება აღჭურვილი; საქარმოს ბაზაზე ჩატარდება ტრენინგ-სემინარი, რომელიც ითვალისწინებს ჩაის მწარმოებელი 12 ამხანაგობის 240 წევრისთვის ჩაის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას. ამჟამად მიმდინარეობს 4 ჰა. ჩაის პლანტაციის რეკულტივაცია თანამონაწილეობის პრინციპით. პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკის ქარხანა „ენერგოსოკოლთან“. ქარხანაში დამზადდება საწარმოს ასამუშავებლად აუცილებელი ტექნიკა, რომელიც მარტის დასაწყისში ლანჩხუთში ჩამოვა. პროექტი 30 მარტისთვის უნდა დასრულდეს, მეორე ეტაპზე დაგეგმილია გურიის რეგიონის კიდევ 12 ამხანაგობის აღჭურვა აუცილებელი ტექნიკით, რომელიც საბოლოო ჯამში 120 ჰა გაკულტურებულ ჩის პლანტაციას მოემსახურება.
გურიის მხარისა და უკრაინის ხერსონის ოლქის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი პერსპექტივაა შექმნილი ქართული ჩაის უკრაინულ ბაზარზე რეალიზაციისათვის.