23 | 02 | 2012

ლანჩხუთში თურქი ინვესტორი შემოდის

თურქულმა ფირმამ, შპს „სერაფიმ“, რომლის ხელმძღვანელები ლაზური წარმოშობის ძმები, მემედ და იუსუფ კამბურები არიან, გამოთქვეს დაინტერესება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ.

კამბურები ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

მათ სურვილი აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იჯარით აიღონ რამდენიმე ასეული ჰა მიწა, სადაც მოიყვანენ სოიოს, რაფსის (ტექნიკური კულტურა, გამოიყენება საწვავი ზეთის გამოსახდელად) კულტურას, ასევე აამუშავებენ თხილისა და ზემოხსენებული კულტურების მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოს.

„აგრობიზნესცენტრ-ლანჩხუთის“ დირექტორის, გელა ზოიძის თქმით, სოფელ ჩიბათში ცენტრს საკრებულოს დადგენილებით გადაეცა სოფლის კულტურის სახლის ყოფილი შენობა, სადაც მათ გარდა, განთავსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო.

თურქი ბიზნესმენების გათვლით, საწარმოში 70 ადამიანი დასაქმდება. ამას გარდა, მოსახლეობას დაეხმარებიან საექსპორტო თხილის ჯიშების გაშენებაში. კამბურებს გადაწყვეტილი აქვთ ლანჩხუთში წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

აგრობიზნესცენტრის სამკაციანი ჯგუფი მიწვეულია თურქეთში, სადაც გაეცნობიან მემედ და იუსუფ კამბურების თხილის გადამამუშავებელ საწარმოს და სახელმწიფო ჩაის ფაბრიკას.